среда, 9 июня 2010 г.

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია


1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა. 1905 წელს იგი გიმნაზიად გადაკეთდა. 1901 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა, და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის, დახმარებით შესყიდულ იქნა მიწის მოზრდილი ნაკვეთი, სადაც აშენდა შესანიშნავი შენობა გიმნაზიისათვის.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.
რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს გიმნაზია ეროვნული მიმართულებით წარმართავდა იმდროინდელ ახალგაზრდობას. ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნული იდეალების დამკვიდრებისთვის. ამიტომ იყო, რომ გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კ. გამსახურდიას, თაოსნობით მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცხრა მუხა”, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.
გიმნაზიის პედაგოგებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული სკოლისათვის სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში. ი. ოცხელის ინიციატივით შექმნილ გამომცემლობა ”განათლებაში” დაიბეჭდა ს. ხუნდაძის ”ქართული ქრესტომათია”, ”ქართული ენის გრამატიკა”, დ. უზნაძის ”ძველი საბერძნეთი”, ”ძველი რომი”, ი. ოცხელის ”არითმეტიკა” და სხვ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სკოლას სტუმრობდნენ ვაჟა-ფშაველა, ი. გოგებაშვილი, მოგვიანებით-კ. გამსახურდია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გიმნაზიის სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა. 1954 წლიდან მას ეწოდა ა. წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, 1995 წლიდან დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახელი - ეროვნული გიმნაზია, 2007 წლიდან კი ეწოდა ი. ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლა.
სასწავლებელი ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან საგანამანათლებლო კერად. 1960 წელს გიმნაზიის დაარსებიდან 80 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ამ პერიოდში სკოლას ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი ი. გენძეხაძე. ზეიმის დღეებში გიმნაზიის აღზრდილებმა სკოლის ეზოში დადგეს ი. ოცხელისა და ს. ხუნდაძის ძეგლები (არქიტ. ტ. სიხარულიძე), მათი ნეშთები გადაასვენეს ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1980 წელს სკოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, აშენდა სპორტული დარბაზი. მაშინ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი პედაგოგი ა. სანდუხაძე, რომელიც 21 წლის განმავლობაში სკოლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.
სასწავლებელში დაარსების დღიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ მაღალი ინტელექტის მქონე პედაგოგები: ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე, დ. უზნაძე, ალ. ჯანელიძე, ალ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ჯ. ჯორჯიკია, ი. ეკალაძე, ევ. მიქელაძე და სხვ. მათი ღვაწლით აღიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები: არნ. ჩიქობავა, გ. წერეთელი, კ. გამსახურდია, ვ. ნოზაძე, დ. ლორთქიფანიძე, უ. ობოლაძე, ა. ფაღავა, ვ. თოფურია, ტრ. ხუნდაძე, ს. კლდიაშვილი, ლ. ასათიანი, ა. ვასაძე, ნ. შენგელაია, დია ჩიანელი...
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სასახელოდ აგრძელებენ 130 წლის სასწავლებლის მდიდარ ტრადიციებს.
სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძვლესია ქუთაისში.იგი ს. ხუნდაძემ დაარსა 1884 წელს. ბიბლიოთეკას აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი, მათ შორის 300-მდე წიგნი მე-19 საუკუნის 60-90-იან წლებშია დაბეჭდილი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.
დიდი ეროვნული ტრადიციების მქონე ამ სასწავლებლის შესახებ ბევრი დაწერილა, თავის დროზე მას გამოკვლევები მიუძღვნეს წიგნებში:
ტრ. ხუნდაძემ (”ქუთაისის ქართული გიმნაზიის ისტორიიდან,'' თბ. 1965წ.)
ი. გენძეხაძემ (”ი. ოცხელი,” 1989წ.)

ა. სანდუხაძე, მ. თევდორაძე (”ქართული სულის ასწლოვანი ხმოვანება'', ქუთ. 2001წ.)